საარჩევნო მარათონი: არის თუ არა რეალური პარტიების დაპირებები?!
- ეკონომიკა
- მარტი 22, 2024
- 77
საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება ერთმანეთზე უკეთესი დაპირებების გაცემა. მაგალითად, “ნაციონალურმა მოძრაობამ” რომ თქვა, პენსიას 500 ლარამდე გავზრდიო, “ლელომ” ეს დაპირება 1.000 ლარამდე აიყვანა. სტუდენტების ფასიანი სტაჟირების იდეა “ქართულ ოცნებას” მოეწონა და ირაკლი კობახიძის პრემიერობის ერთ-ერთი პირველი დაპირება სწორედ ამის განხორციელებაა. ბოლო დღეებში კი “ნაცმოძრაობის” საყვარელი თემა გახდა “2012 წელთან შედარებით კატასტროფულად გაზრდილი ფასები” და “1 ლიტრი ბენზინიდან სახელმწიფოს მიერ მოპარული ლარ-ნახევარი”. რატომ გააქტიურდა წინასაარჩევნოდ მაინცდამაინც ეკონომიკური საკითხები და განსაკუთრებით ფასების თემა, ქვეყანაში ამისთვის რა საფუძველია და რაც მთავარია, რამდენად სწორად ხდება ამ თემების გამოყენება და საზოგადოებას მიეწოდება თუ არა სათანადოდ, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრებით.
– საერთოდ, როდესაც ეკონომიკაზე საუბრობენ პოლიტიკური პარტიები, ეს მისასალმებელია, რადგანაც თუ ეს არ არის გამოწვეული პოლიტიკური ინტრიგებით, საქმეში გარკვეულობას რა სჯობს. მე, როგორც ეკონომისტს, ყოველთვის მახარებს პოლიტიკური პარტიების დაინტერესება ეკონომიკით. მაგრამ, როდესაც ეს არაკვალიფიციურია, პოლიტიკური ინტრიგების მატარებელია და რეალობას აცდენილი, რა თქმა უნდა, ასეთი მსჯელობა ეკონომიკაზე გამართლებული არ არის. მაგალითად, როდესაც ვლაპარაკობთ ფასების დონეზე, და იცით, რომ დღეს ყველაზე მეტად ამ თემაზე ლაპარაკობენ, მნიშვნელოვანია, თუ როგორ უნდა შევადაროთ ერთმანეთს ფასები. მეთოდოლოგიას აქვს მნიშვნელობა, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ვალუტაა, რის გამოც აუცილებელია ფასების გადაყვანა ერთ ვალუტაში, როგორც წესი, დოლარში. ფასების შედარებისთვის აქ წერტილის დასმა კი არის შეცდომა, რადგან აშშ დოლარს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მსყიდველობითი უნარი აქვს, 1 დოლარით ამა თუ იმ ქვეყანაში სხვადასხვა რაოდენობის პროდუქციის შეძენა შეიძლება. ამიტომაც მსოფლიო ბანკს შემუშავებული აქვს მსყიდველობითი უნარის პარიტეტის კოეფიციენტი, რის მიხედვითაც ხდება აშშ დოლარში გამოხატული ფასების კორექტირება. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით კი უკვე რეალურად არის შესაძლებელი, შედარდეს ფასები ერთმანეთს. მართლაც, მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა მორიგი კვლევა, სადაც სწორედ მსყიდველობითუნარიანობაა გათვალისწინებული და ამ კოეფიციენტით გამოვიდა, რომ ფასების სიმცირით საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზეა, ხოლო ევროპის საუკეთესო სამეულშია.ჩვენთან შედარებით მცირედით დაბალი ფასებია ჩრდილოეთ მაკედონიასა და თურქეთში. სხვაგან ყველგან უფრო მაღალია ფასების დონე, ვიდრე საქართველოში. ამიტომ საკითხი დგება ასე – ვის დავუჯეროთ, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც ეს თემა პიარტექნოლოგიისთვის სჭირდებათ და თანაც არაკვალიფიციურად აკეთებენ თავიანთ გათვლებს, თუ მსოფლიო ბანკს, რომელიც ამას აკეთებს საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდით?
ახლა ჩავუღრმავდეთ თავად საკითხს, თუ გლობალურად რა პროცესთან გვაქვს საქმე. ფაქტია, დღეს აშშ-ში ინფლაცია რეალურად დაბალია, მაგრამ მოსახლეობის მიერ ფასების აღქმა არ არის დაბალი. მათი ზრდა განპირობებული იყო პანდემიით, რომელიც ორ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, რამაც გამოიწვია მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევა და შედეგად, მიწოდების შემცირება და ინფლაციის ზრდა. შემდეგ აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ შეძლო ინფლაციის მოთოკვა, რომ მაღალი (ფასების საშუალო დონის ზრდა) აღარ ყოფილიყო, მაგრამ პანდემიით მომატებული ფასები ხომ დარჩა? და აღარ შემცირებულა და ვერც შემცირდებოდა. ამიტომ აღქმა არის ის, რომ ფასები გაიზარდა. შესაბამისად, უმჯობესია სხვადასხვა ქვეყნის ფასების შედარება, რადგან მსოფლიოში ფასები ყველგან არის გაზრდილი. ამის მთავარი მიზეზი, როგორც აღვნიშნეთ, იყო პანდემიის დროს ეკონომიკის ჩაკეტვა; შემდეგ ფასები გაზარდა რუსეთის შეჭრამ უკრაინაში; ფასებზე სერიოზულ გავლენას ახდენს ისრაელ-“ჰამასის” დაპირისპირებაც – ჰუსიტების მიერ დაბომბვის გამო წითელი ზღვით ტვირთების გადაადგილება შეიზღუდა და ესეც აისახება ფასებზე, ეს კი გლობალური პროცესებია.
გლობალურად თუ შევხედავთ, ფასების დონით სად არის დღეს საქართველო, 188 ქვეყანას შორის 33-ეა და ევროპაში – მესამე. ამიტომ აქედან გამომდინარე, რადიკალური ოპოზიციური პარტიების კრიტიკა, ფაქტობრივად, არაკვალიფიციური და არაობიექტურია.
– ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურია ბენზინის ფასზე ლაპარაკი და მაგალითად ასახელებენ ფასებს მეზობელ ქვეყნებში. სხვა საკითხია, რომ ჩვენს სამეზობლოში დაახლოებით ისეთივე ფასებია, როგორიც საქართველოში და ზოგან უფრო მეტიც. საინტერესო ის არის, მართლაც ხელისუფლების ბრალია, რომ ფასები ასე მაღალია და არის საშუალება, რომ ბენზინის ფასი საქართველოში დაბალი იყოს?
– პრობლემას უნდა შევხედოთ შედარებითად. როგორც გითხარით, აუცილებელია გავითვალისწინოთ მსყიდველობითი უნარის პარიტეტი. რადგან სხვადასხვა ვალუტაა, ფასი უნდა გადავიყვანოთ დოლარში და ამ დოლარსაც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მსყიდველობითი უნარი აქვს.
მკითხველისთვის რომ უფრო გასაგები იყოს, ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან – ბიგ-მაკი არის პროდუქტი, რომელიც “მაკდონალდსის” რესტორნებში იყიდება. ამ უკანასკნელის მსოფლიო ქსელში, ყველგან, მენიუ ერთი და იგივეა, მისი კლასიკური პროდუქტი, ბიგ-მაკი, ყველგან ერთი და იმავე ტექნოლოგიით მზადდება და ყველგან იყიდება შესაბამის ფასად მოცემული ქვეყნის ვალუტაში. მაგრამ როგორც კი ამ ვალუტას გადაიყვანთ დოლარში, გამოჩნდება, რომ ბიგ-მაკს, ანუ ერთი და იმავე პროდუქტს, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფასი აქვს დოლარში გამოხატული. ეს ადასტურებს, რომ დოლარის მსყიდველობითუნარიანობა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია და თუ ამას არ გავითვალისწინებთ, ვერ მივხვდებით, ფასები ერთნაირია თუ არა. მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის გარეშე ფასების შედარება არაკვალიფიციურია. ბიგ-მაკის ინდექსი, როგორც ცნობილია, მსყიდველობითუნარიანი პარიტეტის კოეფიციენტის მარტივი ინტერპრეტაციაა.
– 2012 წლის ფასების დღევანდელ ფასებთან შედარებაც ხომ არაკვალიფიციურია, მაგრამ საზოგადოებაში მუშაობს?
– ბუნებრივი ინფლაცია პრაქტიკულად უწყვეტი და თანაც მსოფლიო პროცესია, ანუ ფასები ყოველწლიურად და თითქმის ყველგან იზრდება. ამიტომ ფასების დონის დროში შედარება ბევრს არაფერს იძლევა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ვიცით, რომ 2019 წლის ბოლოს დაიწყო კოვიდპანდემია, რაც ორ წელზე მეტხანს გაგრძელდა, შემდეგ დაიწყო რუსეთის ომი უკრაინაში, რაც დღესაც გრძელდება. ფასები ნახტომისებურად ამ პერიოდში სწორედ ამის გამო გაიზარდა. მართალია, შემდეგ ინფლაცია კი მოითოკა, მაგრამ გაზრდილი ფასები ხომ დარჩა? ამ ყველაფრის ფონზე მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით საქართველო საკმაოდ წარმატებულია, თანაც ეს ვინმე პოლიტიკოსის ან რომელიმე ეკონომისტის ნათქვამი კი არ არის, არამედ მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგია.
– გასაგებია, რომ ოპოზიცია ამ საკითხს თავისი ინტერესიდან გამომდინარე არაკვალიფიციურად იყენებს, მაგრამ საზოგადოებაში რომ არ იყოს ამ საკითხით დაინტერესება, ხომ ვერ გამოიყენებდა? ქვეყანაში ეკონომიკური თვალსაზრისით რა საფუძველია იმისა, რომ ეს საზოგადოებისთვის მისაღები თემა იყოს?
– ეკონომიკაში პრობლემები ყოველთვის არის მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და არის ჩვენთანაც, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ ლაპარაკობს ამაზე, რამდენად კვალიფიციურად და კომპეტენტურად, თორემ ამ თემაში გარკვევა საზოგადოების მოთხოვნა რომ არის, ცხადია. ეს ყველა ქვეყანაში ასეა, საქართველო არც ამ მხრივ არის გამონაკლისი. პრობლემა ის არის, რომ აქ ვინც ამ თემაზე ლაპარაკობს, არც კვალიფიკაცია ჰყოფნის, არც კომპეტენცია, მაგრამ გასაგებია, რომ ამით სხვა თემების გადაფარვა სურთ. როგორც ჩანს, ვიღაცამ ურჩია, ჯობს, ამ თემებზე ილაპარაკოთო, მაგრამ მეორე პრობლემაა, რომ “ნაცმოძრაობაში” ჰყავდათ კვალიფიციური ეკონომისტი, რომან გოცირიძე, რომელმაც დატოვა ეს პარტია. დარწმუნებული ვარ, რომან გოცირიძემ შესანიშნავად იცის, რა არის მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტი.
– ტელევიზიებში მათი მხარდამჭერი ექსპერტები, ეკონომიკის პროფესორებიც იმავეს ამბობენ და მათთანაც კვალიფიკაციის ნაკლებობაა თუ ამ შემთხვევაში მიზანი ამართლებს საშუალებას?
– ამ თემაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ეტყობა, მიაჩნიათ, რომ მეტი იციან, ვიდრე მსოფლიო ბანკმა.
– გასაგებია, რომ ფასების თემაზე განცხადებები ძალიან პოლიტიზებულია, მაგრამ თეორიულად ფასების დაწევა რამდენად არის შესაძლებელი? თუნდაც ეს ხალხი რომ მოვიდეს ხელისუფლებაში ან ვინც იქნება, შეძლებს ფასების დაწევას და, თუ შესაძლებელია, ამას რა დრო დასჭირდება?
– ხომ იყვნენ ხელისუფლებაში, ფასები შეამცირეს?
2012 წლის ფასებთან პირდაპირი შედარება ძალიან არაკვალიფიციურია. მოსახლეობის მოტყუებაზე არიან გადასული, მაგრამ მოსახლეობისთვის ეს აგრესიული ოპოზიცია სანდო არ არის, რადგან ახსოვთ ის, რასაც წლების განმავლობაში სჩადიოდნენ. 2012 წლის ფასებზე ასე ლაპარაკი პროფესიულად არაკომპეტენტური და არაკვალიფიციურია, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით ამის შესახებ, სულ ცოტა, ის უნდა ლაპარაკობდეს, ვინც ნდობას იწვევს. მაგალითად, სოფლის მეურნეობა, რაზეც არის დამოკიდებული საკვები პროდუქტების წარმოება და ფასი, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩააყენა უმძიმეს მდგომარეობაში. ესეც გავიხსენოთ, როცა რუსეთმა ღვინის ბაზარი დახურა, როგორ იყო სახელმწიფო სტრუქტურებზე შეწერილი ღვინის შესყიდვა. ეს იყო ეკონომიკა? ან თუნდაც ჰიბრიდული სიმინდის პროექტი გავიხსენოთ! საერთოდ, რაზეა საუბარი.
– “ლელოს” ათასლარიანი პენსიის დაპირება უკვე მწვავედ გააკრიტიკეს. თქვენ როგორ აფასებთ ამ დაპირებას, რამდენად კვალიფიციურია? მათ მაინც ხომ იციან ეკონომიკა?
– ჯერ კიდევ 2023 წელს, როდესაც განიხილებოდა 2024 წლის ბიუჯეტი, სერიოზული ზრდა ჩაიდო სოციალურ პროექტებში, რაც პენსიებსაც შეეხო. ამასთან, კანონით არის განსაზღვრული საბიუჯეტო სექტორში ხელფასების ყოველწლიურად 10%-იანი ზრდა. ფაქტია, მთავრობა მაქსიმალურად შეეცადა სოციალურ საკითხებზე გაემახვილებინა ყურადღება და ამის გამო მაშინ ოპოზიცია აკრიტიკებდა ხელისუფლებას.
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი იყო სოციალურ და არა ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული. დაპირება ყველაფრის შეიძლება და რატომ 1.000 ლარი და არა 2.000 ლარი ან 10.000? მაგრამ რის ხარჯზე? როგორ უნდა გაიზარდოს, ეს არის მთავარი. ამიტომ ის კი არ არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი, რა თანხას დაჰპირდებიან პენსიონერებს, არამედ ის, რომ ამან არ გამოიწვიოს ინფლაციური პროცესები. თუ ინფლაციური პროცესების ხარჯზე გაიზარდა პენსიები, შეიძლება 1.000 ლარი კი არა, 10.000 მისცე, მაგრამ მისი მსყიდველობითუნარიანობა ძალიან დაბალი იქნება. ამის კარგი მაგალითია კუპონის პერიოდი, როდესაც ყველა ერთბაშად მილიონერები გავხდით, მაგრამ კუპონის მსყიდველობითუნარიანობა ძალიან დაბალი იყო, ის ყოველდღიურად ეცემოდა.
– “ლელო” ამბობს, რომ კორუფციას შეზღუდავენ და ამ თანხით გაზრდიან პენსიებს.
– რა გითხრათ, დაპირება ყველაფრის შეიძლება, მაგრამ აქაც იგივე პრობლემაა. კორუფციის აღქმის ინდექსს თუ შევხედავთ, რასაც ყოველწლიურად შეიმუშავებენ კვალიფიციური საერთაშორისო ორგანიზაციები, იქაც ნახავთ, რომ ეს მაჩვენებელიც ძალზე დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ბიუჯეტის გამჭვირვალობითაც საქართველო მსოფლიოში მოწინავე ქვეყანაა. რა თქმა უნდა, არ არსებობს ქვეყანა, კორუფცია არ იყოს, შეუძლებელია კორუფცია სრულად აღმოიფხვრას, მაგრამ გააჩნია მის დონესაც. კორუფციის წინააღმდეგ აუცილებელია სათანადო ზომების გატარება და ამისთვის საქართველოში სპეციალური ორგანოც არის შექმნილი. რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა კორუფციის კიდევ შემცირება, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ამის იმედად პენსიის 1.000 ლარამდე გაზრდის დაპირება, რომ ეს მოგცემს რაღაც თანხას, ძალიან არადამაჯერებელია, რადგან საერთაშორისო შეფასებით, საქართველოში არ არის კორუფციის ისეთი დონე, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლამ ქვეყანას განსაკუთრებულად დიდი ფინანსური შედეგები მოუტანოს.
– ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სტუდენტები გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას, რაც “ლელოს” დაპირება იყო და ამის გამო, მათგან ბრალდებაც ისმის, რომ იმდენად კარგი იდეები აქვთ, კობახიძემ მოიპარა ეს იდეა. სტუდენტების დასაქმება რამდენად იქნება შედეგიანი ეკონომიკურად, რადგან ცხადია, პოლიტიკური ძალები, ვინც გნებავთ იყოს, ამას საარჩევნოდ სწორედ პოლიტიკური თვალსაზრისით იყენებენ.
– ეს იდეა “ნაცმოძრაობასაც” ჰქონდა თავის დროზე და მას მოჰპარეს? რა, ამაზე საავტორო უფლება არსებობს? ეს არის ჩვეულებრივი რამ, რაც ამა თუ იმ სახელმწიფოში პერიოდულად ჩნდება, როგორც ახალგაზრდების მხარდაჭერის გზა.
რაც შეეხება შედეგს, მთელ მსოფლიოში არიან სტუდენტები დროებით დასაქმებული. საზღვარგარეთ ახალგაზრდები მუშაობენ კაფეებში, ბარებში, ლუდხანებში, მუშაობენ, რათა სწავლის საფასური გადაიხადონ, შემოსავალი ჰქონდეთ. ამიტომაც ეს, რა თქმა უნდა, დროებითი სამუშაოა.
– ამაზე არ არის საუბარი. სახელმწიფო სტრუქტურებში ფასიან სტაჟირებებზეა ლაპარაკი. მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ დაიწყო სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე კვალიფიციურად თუ არაკვალიფიციურად ლაპარაკი, რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ამ თემების, ასე ვთქვათ, წართმევა? მოქმედებს ოპოზიციის ნარატივი ხელისუფლების დღის წესრიგზე?
– ნუ დაგვავიწყდება, რომ დასაქმებაში კერძო სექტორის დავალდებულების პროგრამა “ნაცებსაც” ჰქონდათ თავის დროზე. ეს განა ნიშნავს, რომ ეს იდეა “ნაცებისგანაა” მოპარული? ხელისუფლების დღის წესრიგზე მოქმედებს სულ სხვა რამ – ქვეყანაში იყოს მუდმივად განვითარების პოზიტიური ტენდენცია, ეკონომიკური ზრდა და მიაღწიოს მოლაპარაკებების ფანჯრის გაღებას ევროკავშირთან. რაც შეეხება არჩევნებში გამარჯვებას, ხვალ რომ არჩევნები იმართებოდეს, “ქართული ოცნება” უპირობოდ გამარჯვებულია, რაც თავისთავად ქვეყნისთვის მთლად კარგი არ არის, რადგან ყოველთვის საჭიროა ძლიერი და, რაც მთავარია, კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც, სამწუხაროდ, არ გვყავს.
– რაც შეეხება დაპირებას 200 ათასი სამუშაო ადგილის შესახებ, რამდენად კომპეტენტურად არის დათვლილი და რეალურად რა დროში შეიძლება ამ სამუშაო ადგილების შექმნა?
– როგორც 1000-ლარიანი პენსიაა დათვლილი, ისეა ესეც. ჰაერიდან მოტანილი დაპირებები მთელ მსოფლიოში ახასიათებთ პოლიტიკოსებს და ეს არ არის მოულოდნელი რამ. დაპირებებს იძლევა ყველა პარტია, ყოველთვის ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება, აქედან ზოგი იქნება რეალისტური, ზოგი ნაკლებად რეალისტური და ზოგი კი მართლა ჰაერიდან მოტანილი. ამ დაპირებებიდანაც ზოგი იმუშავებს, ზოგი არა, ზოგი ან შესრულდება, ან არა, იმისდა მიხედვით, ხელისუფლებაში მოსული ესა თუ ის პარტია შემდეგ დაივიწყებს თუ არა ამ დაპირებებს. მთავარი ის კი არ არის, ვინ რას იტყვის, არამედ ის, ვინ რას გააკეთებს და რაც მთავარია, ქვეყნისთვის სასიკეთოს.
– მოლოდინი იყო, რომ წლეულს დაიწყებოდა დიდი პროექტების განხორციელება, პირველ რიგში, საუბარი იყო ანაკლიის პორტზე. თუმცა ინვესტორი კვლავ ვერ მოიძებნა და ვადამ გადაიწია. რატომ გახდა ეს თემა ასეთი პრობლემური?
– ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს და აშენდება კიდეც. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სახელმწიფომ 51%-იანი წილი დაიტოვა. დარწმუნებული ვარ, ანაკლიის პროექტი განხორციელდება და იქნება წარმატებული და კომერციულად გამართული. დარჩენილ 49%-ში ჩვენ გვჭირდება ისეთი ინვესტორი, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროექტს შესაბამისი რაოდენობის ტვირთებით. ამ შემთხვევაში იქნება ეს პროექტი წარმატებული. ჯობს, კარგად მომზადდეს ყველაფერი და ისე გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, რათა შეირჩეს უკეთესი და ეფექტიანობაზე გათვლილი ინვესტორი.
– ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენცია როგორია? “საქსტატმა” გამოაქვეყნა მონაცემები, რომ შარშან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 30%-ით არის შემცირებული. ეს როგორ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე?
– ჩვენთვის მთავარი პრობლემაა ის, რომ საქართველო ჯერ ისევ იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. ეს პრობლემა არახალია და ის დადგა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში თითქმის ყველანაირი წარმოება გაჩერდა და გავხდით იმპორტდამოკიდებული. ეს უნდა შეიცვალოს და შეიცვლება ჩვენი საინვესტიციო პოტენციალიც. ქვეყანა უნდა გახდეს წარმოებაზე ორიენტირებული, მაღალი დამატებული ღირებულების შემქმნელი პროდუქციის მწარმოებელი და ეს შესაძლებელი იქნება მაშინ, თუ ქვეყანა გადავა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მოდელზე, რასაც სჭირდება დრო, მაგრამ ეს გაკეთდება. ამის არაერთი წარმატებული მოდელი არსებობს. ამას სჭირდება მეცნიერებაზე გაძლიერებული ზრუნვა – მეცნიერის პროფესია პრესტიჟული უნდა გახდეს!
კვირის პალიტრა
18 მარტი 2024
რუსა მაჩაიძე